---
title: "მუხლი 14. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/14"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "14"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/14

1. ლიცენზირებას ექვემდებარება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის შემდეგი სახეობები: ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შექმნა, მომზადება, გადამუშავება, გაცემა, რეალიზაცია, შეძენა, გამოყენება, შემოტანა, გატანა, აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოება.

2. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. ლიცენზირების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის სახეობის შეცვლისას იურიდიული პირი ვალდებულია აიღოს ლიცენზია ახალ საქმიანობაზე.

5. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიცენზიის გაცემისას მოთხოვნილ უნდა იქნეს სერტიფიკატი შენობა-ნაგებობისა და სათავსის გამოყენებაზე და ლიცენზიის მაძიებელი პასუხისმგებელი პირის პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი. ლიცენზია არ გაიცემა იმ პირზე, რომელიც მსჯავრდებული იყო (გარდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებისა) ანდა იმყოფება ან იმყოფებოდა აღრიცხვაზე ნარკოლოგიურ დაწესებულებაში.

6. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში გაცემული ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/15.md
