---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/2"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "2"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 2 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/2

ა) ნივთი – მოძრავი ან უძრავი ნივთი;
ბ) მოძრავი ნივთი – ყველა ის ნივთი, რომელიც არ ითვლება უძრავად;
გ) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი და ცალკე უფლების ობიექტი;
დ) მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე ან აშენებული) ან მის გარეშე;
ე) ინდივიდუალური საკუთრების საგანი – მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე ან აშენებული);
ვ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობა – შენობა-ნაგებობა, რომელიც შედგება ორზე მეტი ერთეულისაგან (საკუთრების უფლების ობიექტისგან);
ზ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული – ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებლად;
თ) ცალკე უფლების ობიექტი – ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენს;
ი) არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე;
კ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
ლ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მათში ცვლილების ან მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ან რომლის უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ან რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება;
მ) რეგისტრაცია – უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში;
ნ) სარეგისტრაციო წარმოება – მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;
ო) შესაბამისი რეესტრი – ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი რეესტრი;
პ) საკადასტრო აღწერა – უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დოკუმენტირება (მოძიება, სისტემატიზაცია, დაფიქსირება);
ჟ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი – უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/3.md
