---
title: "მუხლი 4. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/4"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "4"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 4 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/4

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები.

2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის იდენტიფიკაციისა და მისი საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის მიზნით, უძრავ ნივთს ენიჭება საკადასტრო კოდი. უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის ფორმირების წესს ამტკიცებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

3. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე შემდეგი უფლებები:
ა) საკუთრება;
ბ) იპოთეკა;
გ) აღნაგობა;
დ) უზუფრუქტი;
ე) სერვიტუტი;
ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა;
ზ) იჯარა, ქვეიჯარა;
თ) თხოვება.

4. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია და უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია, ასევე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/5.md
