---
title: "მუხლი 50. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/50"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "50"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 50 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/50

1. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს ArcGIS (shp) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.

2. წერტილოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გეოდეზიური მყარი წერტილები, დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო ჭები და წერტილში ლოკალიზებული სხვა ობიექტები.

3. ხაზოვან ფენაში ასახული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის საზღვრები, გზები, ბილიკები, გაზსადენი, წყალსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საბაგირო ხაზი, საკომუნიკაციო მილები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნაჩვენები უნდა იყოს ხაზის სახით.

4. პოლიგონური ფენები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ დამოუკიდებელ ფენებად:
ა) მიწის ნაკვეთი;
ბ) შენობა-ნაგებობა;
გ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გამოსახული უნდა იყოს პოლიგონის სახით.

5. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ყოველი ობიექტის (წერტილოვანი, ხაზოვანი, პოლიგონური) ატრიბუტული ცხრილი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) წერტილოვანი და ხაზოვანი ფენებისათვის – ობიექტის დასახელებას და ტიპს;
ბ) მიწის ნაკვეთის პოლიგონური ფენისათვის – ობიექტის ტიპს, მიწის ნაკვეთის დანიშნულებას და ადგილმდებარეობას/მისამართს;
გ) შენობა-ნაგებობის პოლიგონური ფენისათვის – შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს.

6. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ხაზოვან და პოლიგონურ ფენებში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა;
ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერები ერთმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტებზე;
გ) ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის დროს დაცული უნდა იყოს მასშტაბი. ორთოფოტოზე დიგიტალიზაცია უნდა განხორციელდეს 1:400-დან 1:1000-მდე, ხოლო კოსმოსურ სურათებზე – 1:4000-დან 1:7000-მდე მასშტაბში;
დ) ნაკვეთის ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაწყვეტილი ხაზები;
ე) ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს მოსაზღვრე ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობას;
ვ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა);
ზ) იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის საზღვარი გადის შენობის საზღვარზე ან მის ცალკეულ გვერდებზე, შენობა/ნაგებობების შესაბამისი გვერდები და მახასიათებელი წერტილები უნდა ემთხვეოდეს ნაკვეთის შესაბამის გვერდებსა და მწვერვალებს;
თ) სიმბოლოზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წყვეტის წერტილი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/51.md
