---
title: "მუხლი 9. მარეგისტრირებელი ორგანოს ზოგადი უფლებამოსილება — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/9"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "9"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მარეგისტრირებელი ორგანოს ზოგადი უფლებამოსილება — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 9 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/9

1. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

2. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ან სხვა დოკუმენტების, ასევე მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.

3. დოკუმენტაციის ასლის სისწორის დამოწმებისას მარეგისტრირებელი ორგანო ადგენს ფორმულარს. ფორმულარი იწერება ასლის ბოლოში ან ცალკე ფურცელზე, რომელიც აიკინძება ასლთან ერთად. ფორმულარის შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ფორმულარი მოწმდება მარეგისტრირებელი ორგანოს სამსახურებრივი ბეჭდით. თუ დოკუმენტის ასლი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, ფურცლები ისე უნდა აიკინძოს, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს ფურცლების განცალკევება.

4. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტების ასლებს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.

5. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით იქონიოს და ამავე სახით გასცეს მის მიერ გამოცემული ან გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.

7. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტში, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

8. სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია არაუფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში, სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ამ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებისთანავე.

9. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვით, ხოლო დოკუმენტი გაიცეს ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით.

10. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დოკუმენტის მიღება, გამოცემა ან გაცემა შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ ინსტრუქციით დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების, ხოლო ამ სახით მიღებული, გამოცემული ან გაცემული დოკუმენტი – ამ ინსტრუქციისა თუ მოქმედი კანონმდებლობის მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც შეესაბამება მართვის ავტომატური საშუალებების შესაძლებლობებსა და მუშაობის პრინციპებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/10.md
