---
title: "მუხლი 14. პირადი ნომრის მინიჭება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/14"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "14"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. პირადი ნომრის მინიჭება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/14

1. პირს პირადი ნომერი მიენიჭება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის – გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციისას.

2. ერთი და იმავე პირისათვის ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭება, ასევე პირისათვის ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის გაუქმება ან/და შეცვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია გარდაცვლილი პირისათვის მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა. გარდაცვლილი პირის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება.

3. ერთ პირზე ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭების, ასევე ორ ან მეტ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ხდება ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავდროულად, ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენისას – შესაბამისად, ამ მუხლითა და 50-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. პირადი ნომრის მინიჭება აღირიცხება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

5. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

6. საკონტროლო ციფრის მიღების ფორმულას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული პირადი ნომრის პირველი ორი ციფრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმნიშვნელია, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, შემდეგი ორი ციფრი პირადი ნომრის მიმნიჭებელ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაზე მიუთითებს. დანარჩენი ექვსი ციფრი პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერია, გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/15.md
