---
title: "მუხლი 31. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას, მისამართზე რეგისტრაციისას ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/31"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "31"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 31. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას, მისამართზე რეგისტრაციისას ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/31

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას, მისამართზე რეგისტრაციისას ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით:
ა) სახელი/გვარი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში ან პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემებში ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებულ განცხადებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა მიენიჭა პირს, რომელსაც უცხო ქვეყნის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არ უწერია გვარი და არ არსებობს სხვა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გვარის დადგენა, გვარის გრაფა რჩება ცარიელი.
ბ) მოქალაქეობა – ამ გრაფაში აღინიშნება იმ ქვეყნის სახელწოდება, რომლის მოქალაქეზეც გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, გრაფაში ჩაიბეჭდება სიტყვა: „არმქონე“. თუ პირი ფლობს ბინადრობის ნებართვას და არ დგინდება მისი მოქალაქეობა, ბინადრობის მოწმობის გაცემისას გრაფაში მიეთითება: „უცნობია“. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში „მოქალაქეობა“ აღინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად;
გ) დაბადების თარიღი/მოწმობის მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;
დ) მოწმობის გაცემის თარიღი – მოწმობის გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე (მოწმობის პერსონალიზაციის თაობაზე სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოსათვის მოთხოვნის გადაგზავნის დღე). მოწმობის გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოწმობის მოქმედების ვადის ანალოგიურად ;
ე) დაბადების ადგილი – ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება ჩაიწერება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროისთვის არსებული სახელწოდების ანალოგიურად, თუ შეიცვალა ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება (არ ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შემთხვევებზე). საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება. თუ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან/და სხვა დოკუმენტებით ვერ დგინდება იმ პირის დაბადების ადგილი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ასევე თუ ვერ დგინდება იმ პირის დაბადების ადგილი, რომელსაც დაუდგინდა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, მისამართზე მისი რეგისტრაციისას ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე ბინადრობის მოწმობის გაცემისას დაბადების ადგილის გრაფაში იწერება „უცნობია“. ეს წესი არ ვრცელდება პირზე, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია საქართველოში. პირადობის/ბინადრობის მოწმობაში დაბადების ადგილის გრაფაში – „უცნობია“ – ასევე იწერება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას ვერ იქნა დადგენილი მისი დაბადების ადგილი;
ვ) მისამართი – მისამართი აღინიშნება სრული სახით, ქალაქის, მუნიციპალიტეტის, დაბის, სოფლის, ქუჩის დასახელებით და მიკრორაიონის, კვარტალის, კორპუსის (სახლის) ნომრისა და ბინის ნომრის მითითებით. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. რაიონი – „რ-ნი“, სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“, მიკრორაიონი – „მ/რ“, კვარტალი – „კვ“, კორპუსი – „კორ.“, ბინა – „ბ.“ და სხვ. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ“ არ გამოიყენება;
ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე მოწმობის გამცემ ორგანოდ ჩაიწერება „იუსტიციის სამინისტრო“. პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღნიშნული რეკვიზიტის შევსებისას მიეთითება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. რეკვიზიტის შევსება დასაშვებია შემოკლებული სახით;
თ) რელიეფური ბეჭედი – რელიეფური ბეჭედი წარმოადგენს ფოტოსურათის წინა ხედის ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილისა და მოწმობის ბლანკზე ფოტოსურათისათვის განკუთვნილი ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილზე ჭყლეტის შედეგად წარმოქმნილ ოვალური ფორმის (სიგრძე – 25 მმ, სიგანე – 18 მმ.) ბეჭდის რელიეფურ კვალს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარის მეშვეობით;
ი) QR კოდი – კოდი, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია;
კ) სქესი – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში – „სქესი“ – აღინიშნება პირის სქესი „მდედრობითი“ ან „მამრობითი“ ჩანაწერის შემოკლებული ფორმით: „მდ.“ ან „მმ.

2. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორწევრიანი ან მრავალწევრიანი (კომპონენტიანი) სახელის/გვარის შემთხვევაში, დასაშვებია ყველა წევრის (კომპონენტის) შემოკლება.

3. ორწევრიანი ან მრავალწევრიანი (კომპონენტიანი) სახელის/გვარის შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღინიშნოს სახელის/გვარის ყველა წევრის (კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

4. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორწევრიან ან მრავალწევრიან სახელში/გვარში რომელი წევრი (კომპონენტი) შემოკლდეს და რამდენად.

5. პირის სრულყოფილად იდენტიფიცირების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით პირადობის/ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას, „უცნობია“ ან ტირე შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ ერთი რეკვიზიტის გრაფაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1119 - ვებგვერდი, 31.10.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის ბრძანება №1218 - ვებგვერდი, 19.06.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/31-1.md
