---
title: "მუხლი 35. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლა და ანულირება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/35"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "35"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 35. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლა და ანულირება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/35

1. პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას;
ბ) მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;
დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას;
ვ) ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

1¹. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირი უფლებამოსილია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეცვალოს, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.

2. სახელის ან გვარის შეცვლის, ასევე ჩანაწერში უზუსტობის დადგენის შემთხვევაში ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნას, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, ასევე უნდა დაერთოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ შესაბამისი დოკუმენტი.

3. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემამდე დაკარგულის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

4. შესაცვლელი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, მისი წარმოდგენის შემთხვევაში, ანულირების შემდეგ, პირადობის (ბინადრობის) ახალ მოწმობასთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

5. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთის არარსებობისას ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.

7. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი, მისი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარმოდგენის შემთხვევაში ექვემდებარება ანულირებას, რისთვისაც აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე. აღნიშნული წესი არ ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ცხინვალის რეგიონიდან (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომელთაც ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი დაუბრუნდებათ ანულირების გარეშე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/36.md
