---
title: "მუხლი 36. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/36"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "36"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 36. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/36

1. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება:
ა) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის საფუძვლით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
ბ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მისი შეჩერების თაობაზე სააგენტოს/მისი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე, რაც დაუყოვნებლივ აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
გ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხდება:
გ.ა) გარდაცვალების საფუძველზე;
გ.ბ) ემიგრაციის ნებართვის გაცემის საფუძველზე;
გ.გ) პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი შეჩერების თაობაზე შეტყობინება შეიძლება მიღებულ იქნეს:
ა) წერილობითი ფორმით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირის მიერ;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (სააგენტოს ინტერნეტგვერდის გამოყენებით), თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დაინტერესებული პირისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;
გ) სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დისტანციური მომსახურების სამმართველოში სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, თუ განმცხადებელი ასახელებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს და რეგისტრაციის ადგილს .

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების პერიოდში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა იურიდიული ძალის არმქონეა.

4. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის ან რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება განახლდება შესაბამისი პირის რეგისტრაციისთანავე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში – მისი პოვნის თაობაზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განაცხადის წარდგენისთანავე.

5. სტუდენტისა და/ან გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა არ იწვევს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის ბრძანება №1218 - ვებგვერდი, 19.06.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/37.md
