---
title: "მუხლი 40. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გასაცემად წარსადგენი დოკუმენტაცია — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/40"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "40"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 40. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გასაცემად წარსადგენი დოკუმენტაცია — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/40

1. სრულწლოვან ან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
ბ) ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
დ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით).

2. არასრულწლოვან, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ ან მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:
ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;
ბ) პირადობის მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წელი ან ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად პირის ასაკისა);
გ) ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით;
დ) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, ხოლო ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა“;
ვ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა მიუსაფარი ან და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით. მიმართვაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია ბავშვის სტატუსის და მისი პერსონალური მონაცემების შესახებ.

3. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), ხოლო თუ 14 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტის გაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენია სხვა კანონიერი წარმომადგენელი – სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის მოწმობა. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი).
3 ​1 . არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით, ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილი/დადგენილი ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.

4. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტი მიიღოს პირადობის მოწმობის აღების გარეშე.

5. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წერილობითი თანხმობის ფორმით;
გ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წერილობითი თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;
დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული თანხმობის ფორმით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

6. არასრულწლოვანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;
დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;
ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;
ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;
ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.
6 1. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე .
6 2. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 3 დღის ვადაში.

7. თუ ლტოლვილ ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვან პირზე სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.

8. მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის ნაცვლად, შესაძლებელია ასევე გაიცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №162 - ვებვერდი, 09.08.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1135 - ვებგვერდი, 08.12.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის ბრძანება №1218 - ვებგვერდი, 19.06.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/41.md
