---
title: "მუხლი 49. ადგილზე მომსახურება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/49"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "49"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 49. ადგილზე მომსახურება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/49

1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ შეიძლება განხორციელდეს პირის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან, ასევე ციფრული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება (ადგილზე მომსახურება).

2. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადება წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს (გარდა სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოსი). განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში ადგილზე მომსახურების მოთხოვნით განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული განცხადების წარდგენის გზით. თუ ადგილზე მომსახურება უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის დღეს, ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენამდე, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – განცხადების წარდგენის დღეს. ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდის აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ .

3. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მომსახურების განხორციელებისას ადგილზე მომსახურებით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს, მომსახურების მიმღები პირის გარდა, სხვა პირიც, ეს განიხილება ადგილზე მომსახურების დამოუკიდებელ მოთხოვნად და ის შესაძლებელია განხორციელდეს საერთო წესების დაცვით, ადგილზე მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის დამატებით გადახდის გზით. დამოუკიდებელ მოთხოვნად არ ჩაითვლება, თუ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე ახორციელებს ერთი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ორ ან მეტ მომსახურებას, ან/და მომსახურებას ახორციელებს დაინტერესებული პირის არასრულწლოვანი შვილის/შვილების ან/და მხარდაჭერის მიმღები იმ პირის სასარგებლოდ, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის დაინტერესებული პირი.

4. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული განცხადება, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით წარდგენილი ელექტრონული განცხადება, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მიზნით შესაძლებელია გადაეგზავნოს სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს. სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს მიერ ადგილზე მომსახურების საშუალებით მიღებულ მოთხოვნას იხილავს და წყვეტს ადგილზე მომსახურების მოთხოვნით განცხადების მიმღები ან განცხადების განხილვა/გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური .

5. განმცხადებელს ადგილზე მომსახურების მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადაეცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი.

6. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს განცხადებაში მითითებულ ვადაში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს დროის გონივრული შუალედი. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში ადგილზე მომსახურება ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ვიზიტს დაინტერესებულ პირთან განცხადებაში მითითებულ მისამართზე და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დაინტერესებული პირის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაციის ასახვას შესაბამისი მომსახურებისათვის განკუთვნილ განცხადებას/განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს დაინტერესებული პირი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);
ბ) სამახსოვრო ბარათში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, დაინტერესებული პირისათვის სამახსოვრო ბარათის ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადაცემას ;
გ) დაინტერესებული პირის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათის და შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარებას;
დ) დაინტერესებული პირისათვის ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
ე) დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების აღება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
ვ) დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
ზ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გადაცემას ამ წესის 34-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.

8. ადგილზე მომსახურების საშუალებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის განხილვის ვადა აითვლება შესაბამისი მომსახურების გაწევაზე განცხადების/განცხადება-ანკეტის შევსების დღიდან.

9. ადგილზე მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი არ თავისუფლდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №162 - ვებვერდი, 09.08.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის ბრძანება №1218 - ვებგვერდი, 19.06.2026 წ.
თავი VIII.
რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შეჩერებისა და უარის თქმის წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/50.md
