---
title: "მუხლი 5. რეგისტრაციის ვალდებულება და სუბიექტები — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/5"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "5"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. რეგისტრაციის ვალდებულება და სუბიექტები — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/5

1. საქართველოს მოქალაქე, ასევე პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .

2. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ­– ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რომელსაც დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭება პირადი ნომერი. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან.

4. რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც ფლობენ/ფლობდნენ ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტს და არ მოხსნილან საქართველოში რეგისტრაციიდან (მუდმივი რეგისტრაცია), თუ არ არსებობს მათი ხელახალი რეგისტრაციის საფუძველი.

5. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.

6. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა , რეგისტრაციის გასავლელად ამ წესის მოთხოვნათა დაცვით მიმართოს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს . ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/6.md
