---
title: "მუხლი 51. რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და გაცემაზე უარის თქმა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/51"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "51"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 51. რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და გაცემაზე უარის თქმა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/51

1. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია პირის რეგისტრაცია განახორციელოს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანონ წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე, პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით.

3. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია, თუ:
ა) წარდგენილია ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;
ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა, გარდა ამ წესის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მისამართი დასაზუსტებელია ან არ ფიქსირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში ან სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში და შეუძლებელია მისი დამატება ან, შესაბამის რეესტრში ან/და სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ასახვის მიუხედავად, მისამართი ფაქტობრივად აღარ არსებობს), აგრეთვე, თუ პირი ითხოვს რეგისტრაციას ისეთ მისამართზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;
დ) რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ/მ-ზე ნაკლებია. ეს კრიტერიუმი არ გამოიყენება ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში.
ე) არ არის წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ვერ მოიპოვა ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;
ვ) პირმა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნასთან ერთად არ წარადგინა მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში);
ზ) რეგისტრაციისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ერთობლივად წარდგენის დროს არსებობს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;
თ) რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით რეგისტრაცია;
ი) რეგისტრაციისას რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“ ცნების ან/და ტირეს მითითება საჭიროა ერთზე მეტ რეკვიზიტის გრაფაში.

4. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირისათვის პირადობის (ბინადრობის) (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის შემცველობით) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია, თუ:
ა) წარდგენილია ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;
ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა, გარდა ამ წესის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მისამართი დასაზუსტებელია ან არ ფიქსირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში ან სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში და შეუძლებელია მისი დამატება, ან შესაბამის რეესტრში ან/და სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ასახვის მიუხედავად, მისამართი ფაქტობრივად აღარ არსებობს), აგრეთვე, თუ პირი ითხოვს რეგისტრაციას ისეთ მისამართზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;
დ) არ არის წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ვერ მოიპოვა ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;
ე) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის პირი არ არის რეგისტრირებული, გარდა საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნილი არიან სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებასთან – ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით;
ვ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მიღება კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით;
ზ) პირადობის/ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“ ცნების ან/და ტირეს მითითება საჭიროა ერთზე მეტ რეკვიზიტის გრაფაში;
თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულია შეტყობინება, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა არ არის მიზანშეწონილი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ი) პირადობის ელექტრონული მოწმობის თაობაზე განცხადების წარმომდგენი პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გარდა იმ პირისა, რომელიც იძებნება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, არ ექვემდებარება დაკავებას და აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

5. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირისათვის პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია, თუ:
ა) წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;
ბ) არ არის წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ვერ მოიპოვა ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;
გ) დაინტერესებული პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იძებნებიან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, არ ექვემდებარება დაკავებას და აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
დ) შეუძლებელია პირის პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა, გარდა ამ წესის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მიღება კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით;
ვ) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“ ცნების ან/და ტირეს მითითება საჭიროა ერთზე მეტ რეკვიზიტის გრაფაში;
ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულია შეტყობინება, რომ პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა არ არის მიზანშეწონილი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
თავი IX.
პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/52.md
