---
title: "მუხლი 6. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/6"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "6"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/6

1. პირის რეგისტრაციას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას – სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციას – სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები დაბადების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

2. (ამოღებულია - 30.12.2025, №1161).

3. პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემა, პირის გარდაცვალების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა და პირის ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ხორციელდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩანაწერის შესრულებით. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლა იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისგან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან - შემოსავლების სამსახურისგან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების (ინფორმაციის) მიღების საფუძველზე.

4. უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები .
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/7.md
