---
title: "მუხლი 13. სპეციალიზებული დეპოზიტარი — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/13"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. სპეციალიზებული დეპოზიტარი — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/13

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირს ესაჭიროება შესაბამისი ლიცენზია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესასრულებლად. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით დადოს სადეპოზიტო ხელშეკრულება სპეციალიზებულ დეპოზიტართან. სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა ბანკისა, არ შეიძლება იყოს აფილირებული პირი:
ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლისა;
ბ) მეანაბრისა;
გ) აქტივების მმართველი კომპანიისა, რომელთანაც დამფუძნებელს დადებული აქვს ხელშეკრულება.

3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მიიღოს და შეინახოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სპეციალიზებულ დეპოზიტარს არჩევს და მასთან ხელშეკრულებას დებს აქტივების მმართველი კომპანია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით. ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან.

5. ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომლებიც საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივს წარმოადგენს და სადეპოზიტო ხელშეკრულებით სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის არის გადაცემული, მის საკუთრებაში არ გადადის.

6. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:
ა) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების მესაკუთრის ნომინალური მფლობელის ფუნქცია;
ბ) განახორციელოს საპენსიო დანაგროვის აღრიცხვა დეპოზიტარისა და მასთან ხელშეკრულებაში მყოფი სხვა პირების კუთვნილი ქონებისგან განცალკევებით.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ. 174
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ. 107
თავი IV
საპენსიო სქემები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/14.md
