---
title: "მუხლი 15. პროფესიული საპენსიო სქემა — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/15"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. პროფესიული საპენსიო სქემა — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/15

1. პროფესიული საპენსიო სქემა არის დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების ან სხვა იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემა, რომლის მეანაბრეც არის დამსაქმებელი.

2. დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი. პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანება, აგრეთვე ამ გაერთიანების წევრები არ შეიძლება იყვნენ სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემის მეანაბრეები.

3. დამსაქმებელს, რომელიც არ არის პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი ან დამფუძნებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს იყოს სხვა დამფუძნებლის ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის მეანაბრე.

4. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე შეიძლება იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არანაკლებ 24 კალენდარული თვის განმავლობაში იმყოფება შრომით ურთიერთობაში მეანაბრე დამქირავებელთან. მონაწილეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე.

5. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი შეიძლება იყვნენ დამფუძნებლის (მეანაბრის) მუშაკთა ცალკეული კატეგორიები ან პროფესიული ჯგუფები. იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი, განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.

6. შრომის ხელშეკრულების პირობები მუშაკის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებით მის სასარგებლოდ განსაზღვრულ პირობებს და არ უნდა ითვალისწინებდეს მეტ ან ნაკლებ შეღავათებს იმასთან შედარებით, რაც ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

7. პროფესიული საპენსიო სქემების საპენსიო შენატანებს იხდიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელი და მონაწილე ერთად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. თუ შენატანებს იხდის მხოლოდ დამსაქმებელი, ყველა მუშაკი, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული სქემის მონაწილე, გაერთიანებული უნდა იყოს ამ სქემაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/14-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/16.md
