---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/2"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/2

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა – ფიზიკურ პირებზე ფულადი სახსრების (პენსიების) რეგულარულად გაცემა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო მოგების ხარჯზე;
ბ) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული საქმიანობა – საპენსიო სქემების დაფუძნება, საპენსიო შენატანების აკუმულირება და აღრიცხვა, საპენსიო დანაგროვთა ფორმირება და ფიზიკურ პირებზე პენსიების რეგულარულად გაცემა;
გ) არასახელმწიფო საპენსიო სქემა (შემდგომ – საპენსიო სქემა) –არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობის სისტემა;
დ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი (შემდგომ დამფუძნებელი) – იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) მეანაბრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იხდის საპენსიო შენატანს საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) საპენსიო სქემის მონაწილე (შემდგომ – მონაწილე) – ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების გადახდა და პენსიის გაცემა საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) საპენსიო დანაგროვი – მონაწილის ან მონაწილეთა სახელობით საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული სახსრები;
თ) სახელობითი საპენსიო ანგარიში – საპენსიო სახსრების მოძრაობის აღრიცხვის ფორმა;
ი) საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები;
ი
1
) საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივები – საქართველოს ეროვნული ბანკის წესით განსაზღვრული, საპენსიო დანაგროვთა დასაფარავად (საინვესტიციოდ) დასაშვები აქტივები;
კ) აქტივების მმართველი კომპანია – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საპენსიო დანაგროვთა მართვასა და ინვესტირებას შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე;
ლ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს დოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების მიღებას, შენახვას და საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების შემადგენელი არადოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
მ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭო – დამფუძნებლის ორგანო, რომელიც ზედამხედველობს მოქალაქეთა არასახელმწიფო პენსიებით უზრუნველყოფას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იცავს მონაწილეთა ინტერესებს;
ნ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც დამფუძნებელი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას;
ო) ფილიალი – დამფუძნებლის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება დამფუძნებლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ. 174
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ. 107

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/3.md
