---
title: "მუხლი 31¹. დარღვევები და სანქციები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31-1"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "31^1"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31¹. დარღვევები და სანქციები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 31¹ (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31-1

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ:
ა) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი მითითება;
ბ) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
გ) დამფუძნებელმა დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ დამფუძნებელმა, აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა შეწყვიტონ და შემდგომ არ დაუშვან ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღონ ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;
გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;
ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან რეგისტრაცია.

3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.

4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. დამფუძნებლისათვის, აქტივების მმართველი კომპანიისათვის და სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ.107
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5232 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31-2.md
