---
title: "მუხლი 1. ტერმინების განმარტება — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ტერმინების განმარტება — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „დაცული ტერიტორია“ – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია;
ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა“ – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა;
გ) „დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი“ – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელი;
დ) „სახელმწიფო ნაკრძალი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area);
ე) „ეროვნული პარკი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park);
ვ) „აღკვეთილი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area);
ზ) „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area);
თ) „ანთროპოგენური ზემოქმედება“ – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება;
ი) „ვიზიტორი“ – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებული პირი;
კ) “მანიპულაციები“ – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა;
ლ) „სამენეჯმენტო გეგმა“ – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი;
მ) (ამოღებულია - 20.07.2018, №3233);
ნ) (ამოღებულია);
ო) „ისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსერვაცია“ – ისტორიულ-კულტურული ძეგლების არსებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
პ) “მონიტორინგი“ – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა;
ჟ) „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გა­რე­მოს და­ცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველ­ყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაო­ბების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარის­ხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;
რ) „ეკოსისტემა“ – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა;
ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება“ – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში;
ტ) „ჭარბტენიანი ტერიტორიები“ – ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ადგილები ან წყალსატევები – ბუნებრივი, ხელოვნური, მუდმივი, დროებითი, გამდინარი, გაუდინარი, მტკნარი, ნაკლებად მარილიანი ან მარილიანი, ზღვის აკვატორიის ჩათვლით, რომლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს;
უ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია“ – 1992 წლის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ.

344);
ფ) „რამსარის კონვენცია“ – 1971 წლის რამსარის კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №008, 1996 წ.);
ქ) „in-situ კონსერვაცია“ – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში;
ღ) „დამხმარე (ბუფერული) ზონა“ – დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ზონა, რომლის გამოყენება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით.
საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3233 – ვებგვერდი, 13.08.2018წ .

---
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
