---
title: "მუხლი 19. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/19"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/19

1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შენარჩუნება და დაცვა.

2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა);
ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება.

4. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმი.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/20.md
