---
title: "მუხლი 11. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვა — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/11"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვა — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/11

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციებია:
ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა;
ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი ნაყოფიერების დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა;
გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა, რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, აგრეთვე სათანადო მონიტორინგი და აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება;
დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ ნორმატიული აქტების შემუშავება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება;
ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია;
ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა 2 წელიწადში ერთხელ;
ზ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, მელიორირებული, დაზიანებული, ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, აგრეთვე მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა შემუშავება.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1693 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/12.md
