---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/2"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნიადაგი – დედამიწის ზედა, ფხვიერი და ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია;
ბ) ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა;
გ) ნიადაგის ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას დედაქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი თვისებების ერთობლიობას;
დ) ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული;
ე) მლაშობი ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც ხასიათდება უარყოფითი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მცენარეთა ზრდა-განვითარებას;
ვ) ბიცობი ნიადაგი – ნიადაგი, რომლის პროფილშიც ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ-ის ფარგლებში;
ზ) მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე რეაქცია;
თ) ძლიერდაქვიანებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ზედაპირის 20-40% დაფარულია 5 სმ-ზე მეტი დიამეტრის ქვებით;
ი) დეგრადირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ბიოლოგიური თვისებები გაუარესებულია, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები დაცემულია სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად;
კ) ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალების, ხარისხობრივი შეფასება, რაც დაფუძნებულია ნიადაგის თვისებებსა და მოსავლიანობის დონეზე და გამოხატულია რაოდენობრივი მაჩვენებლებით;
ლ) დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად და რომელსაც თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორისა და ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერებების დაგროვება;
მ) ნიადაგის მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი;
ნ) რეკულტივაცია – სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენა და სასოფლო-სამეურნეო ათვისება;
ო) ნიადაგების კონსერვაცია – ნიადაგების დაცვა და ტიპური სახით შენარჩუნება;
პ) ქიმიური მელიორაცია – თაბაშირის, კირის, ტორფ-კომპოსტების, ბენტონიტების და სხვა ქიმიური შენაერთების გამოყენებით ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება;
ჟ) მელიორირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომელზედაც, ჩატარებულია სამელიორაციო ღონისძიებები (ირიგაცია, დაშრობა, ქიმიური მელიორაცია, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ნიადაგის ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესება და სხვა);
რ) მელიორანტი – ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ნაერთები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის გასაუმჯობესებლად;
ს) რადიონუკლიდები – რადიოაქტიური ელემენტები (სტრონციუმი, ცეზიუმი და სხვა), რომლებიც ნიადაგში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა გზით;
ტ) აგრომადნეულები – წიაღისეული, რომელსაც აქვს ნიადაგების გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების თვისებები;
უ) წარმოების ნარჩენები – მრეწველობაში პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი მასა, რომელიც გამოიყენება ნიადაგების გასაუმჯობესებლად;
ფ) ჰუმუსი – ნიადაგში არსებული სპეციფიკური და არასპეციფიკური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება;
ქ) ბიოსფერო – აქტიური არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით;
ღ) მიწა – ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს, ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში;
ყ) მიწის კადასტრი – მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია;
შ) ღვარცოფი – მთისა და მთისწინა რეგიონებიდან დიდი რაოდენობით მთის ქანის ნანგრევის დაბლობში ჩამოტანა, რაც იწვევს ნიადაგის გადარეცხვას და ფართობის დარიყვას;
ჩ) მეწყერი – ფერდობების დიდი მოცულობით ჩამონგრევა;
ც) ზვავი – დიდ გროვად წამოსული ჩამორღვეული მიწა ან თოვლი;
ძ) წყალდიდობა – მდინარეების ადიდება თოვლის დნობის ან წვიმების შედეგად;
წ) აბრაზია – ზღვის ნაპირისა და მიმდებარე ტერიტორიის რღვევა-ჩარეცხვა წყლის მიმოქცევისა და ტალღების შედეგად.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №972 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/3.md
