---
title: "მუხლი 5. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/5"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/5

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებებია:
ა) ნიადაგების გამოკვლევა და მათი ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა, ნიადაგების გაუმჯობესებისათვის პროგრესული ტექნოლოგიების შემუშავება-განხორციელება;
ბ) ნიადაგების მდგომარეობის გაუარესების მიზეზების გენეზისური, მსხვილმასშტაბიანი, წვრილმასშტაბიანი, სამელიორაციო, აგროქიმიური, ნიადაგურ-ეროზიული კვლევა, ბონიტირება და მიწის კადასტრის პერიოდულად შედგენა;
გ) ეროზიისგან ნიადაგების დაცვის ეფექტიანი მეთოდების შერჩევა და გამოყენება; ეროზიის გავრცელების ადგილებში გატყევების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების აღდგენის, გაშენებისა და სხვა აგროტექნიკური და საინჟინრო მეთოდების გამოყენება;
დ) ნიადაგების დაცვა სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი და სხვა) და ექსტრემალური ეროზიული პროცესებისაგან;
ე) სათიბ-საძოვრების ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების, მცენარეული საფარის გაუმჯობესებისა და კულტურ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;
ვ) მლაშობი, ბიცობი და მჟავე ნიადაგების ქიმიური მელიორაცია;
ზ) ძლიერდაქვიანებული ნიადაგების ქვებისგან გაწმენდა და მათ გასაუმჯობესებლად სხვა ღონისძიებათა განხორციელება;
თ) რწყვის რეჟიმის, წესებისა და ტექნიკურ საშუალებათა შერჩევა, გრუნტის წყლების ოპტიმალური დგომის განსაზღვრა, განმეორებითი დაჭაობებისა და დამლაშების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;
ი) ნიადაგის ცალკეული ტიპების ეტალონური ნიმუშების შენარჩუნება და მათი გამოყენებით მონიტორინგის ორგანიზება, აგრეთვე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია;
კ) ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განლაგების რაციონალური სტრუქტურის შერჩევა;
ლ) ჭარბტენიანი ნიადაგების ათვისების დაშრობითი, აგრომელიორაციული, ჰიდროტექნიკური და აგროქიმიური ღონისძიებების კომპლექსური განხორციელება;
მ) მაღალმთიან, მთაგორიან და მთისწინა რეგიონებში ნიადაგების ბუნებრივი საფარის შენარჩუნება-აღდგენა და ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად ამ რეგიონებში არსებულ საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დაცვა;
ნ) მდინარეთა ნაპირების და ზღვის სანაპირო ზონის აბრაზიისაგან, ხოლო მიმდებარე ტერიტორიების ეროზიული და სხვა უარყოფითი პროცესებისაგან დაცვა;
ო) გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური მეთოდების გამოყენება;
პ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების დადგენილი ნორმების დაცვა.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №972 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/6.md
