---
title: "მუხლი 27¹. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებლის გამოცდა — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/27-1"
law: "იარაღის შესახებ"
article: "27^1"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27¹. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებლის გამოცდა — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 27¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/27-1

1. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აბარებს გამოცდას ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. გამოცდის სახეებია:
ა) გამოცდა თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
ბ) გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გ) გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.

2. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

3. ჩაბარებული გამოცდის შედეგები უვადოა. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის აღების მიზნებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მოქმედების პერიოდი 1 წელია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან წარადგინონ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ არის აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საგამოცდო ბილეთები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/27-2.md
