---
title: "მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/29"
law: "იარაღის შესახებ"
article: "29"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/29

1. სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.

2. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით პოლიციელს უფლება აქვს, რეგისტრირებული იარაღი შეამოწმოს შენახვის ადგილზე იარაღის მესაკუთრის თანხმობით, არაუმეტეს წელიწადში 4-ჯერ.

3. თუ იარაღის მესაკუთრე უარს აცხადებს იარაღის შენახვის ადგილზე პოლიციელის დაშვებაზე, პოლიციელი ამის შესახებ ოქმს ადგენს. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და იარაღის მესაკუთრე. იარაღის მესაკუთრის მიერ ამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია იარაღის მესაკუთრეს მოსთხოვოს მის სახელზე რეგისტრირებული იარაღების პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარდგენა. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია პოლიციელის მიერ მოთხოვნილი რეგისტრირებული იარაღები პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარადგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

5. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმების ან იარაღის პოლიციის დანაყოფში წარდგენის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/29-1.md
