---
title: "მუხლი 11. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/11"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "11"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/11

1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე.

2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, მისი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით და შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე არის გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენელი;
ბ) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას, აგრეთვე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილისა და მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;
გ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს;
დ) ზედამხედველობს მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილისა და მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ე) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას;
ვ) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ვ.ა) მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლებია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა;
ვ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წელს, არ ეთანხმება შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას;
ვ.გ) მშვილებელი და გასაშვილებელი ბავშვი, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელად გადასაცემი ბავშვი და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს;
თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ადგენს მინისტრი.
თავი III
შვილად აყვანის პროცედურები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/12.md
