---
title: "მუხლი 59. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/59"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "59"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/59

1. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართა პაციენტმა, რომელსაც მანამდე იმავე სპეციალობის სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მეთვალყურეობდა, პირველი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ პაციენტმა, მისმა ნათესავმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა შეატყობინონ ამის შესახებ იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც პაციენტს ადრე მეთვალყურეობდა. აკრძალულია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მას ადრე იმავე სპეციალობის სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მკურნალობდა.

2. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ გამოგზავნილი პაციენტის მკურნალობის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უკან გაუგზავნოს პაციენტი იმავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, თუ შემდგომში საჭიროა მკურნალობის ან/და მეთვალყურეობის გაგრძელება. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის თანხმობა.

3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაუწია პაციენტს, რომელსაც მანამდე მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, მომსახურების გამწევი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფად შეატყობინოს ამის შესახებ ადრინდელ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს და პაციენტის თანხმობით მასვე გადააბაროს ავადმყოფის შემდგომი მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა.

4. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტს, რომელსაც მკურნალობს ან/და მეთვალყურეობს იმავე დაწესებულებაში მომუშავე კოლეგა, თუ ეს უკანასკნელი რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს სამედიცინო მომსახურების განხორციელებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/60.md
