---
title: "მუხლი 52. ქორწინების რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/52"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "52"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. ქორწინების რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/52

1. ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება.

2. დაქორწინების მსურველი პირები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებას წარუდგენენ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დაქორწინების მსურველმა პირებმა განცხადებაში უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის არ არსებობს ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება, ასევე უნდა აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.

4. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებ ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაცია დაუშვებელია.

5. დაქორწინების მსურველ პირთა მოთხოვნით ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში.

6. ქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/53.md
