---
title: "მუხლი 17. პრობაციის ოფიცრისა და პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიებათა გამოყენებისას — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/17"
law: "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "17"
identifier: "943"
adopted: "2001-06-19"
consolidated_as_of: "2007-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. პრობაციის ოფიცრისა და პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიებათა გამოყენებისას — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2007-06-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/17

1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის პირველი მუხლის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიების გამოყენების შესახებ: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და უწევს მას დახმარებას; გ) ატარებს მსჯავრდებულთან აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მას შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს, მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: ა) პერიოდულად დაიბაროს მსჯავრდებული და ჩამოართვას მას ახსნა–განმარტება; ბ) მიიღოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან; გ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ არსებული ინფორმაცია სახელმწიფო და შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებებიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ (ან ცალკეულმა პირმა) პრობაციის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის სოციალური სამსახურის მუშაკმა. სოციალური მუშაკი, როგორც წესი, უნდა იყოს უმაღლესი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური ან პედაგოგიური განათლების მქონე პირი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/18.md
