---
title: "მუხლი 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/21"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "21"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/21

1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.

2. პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები: ა) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; ბ) საცხოვრებელი ადგილის და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი; გ) სპეციალიზაცია, თუ მას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სპეციალიზაციის მიხედვით.

2¹. ადვოკატთა ასოციაციას უნდა წარედგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში.

2². ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის ორგანიზების ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი მონაცემების (მათ შორის, მონაცემების ცვლილებების) წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

3. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად; გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 21 3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი.

3¹. (ამოღებულია - 04.05.2018, №2266).

4. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280 საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი, 23.09.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/21-1.md
