---
title: "მუხლი 34¹. სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესყიდვის ფასის ან/და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის წესი — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/34-1"
law: "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
article: "34^1"
identifier: "matsne 15490"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34¹. სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესყიდვის ფასის ან/და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის წესი — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, მუხლი 34¹ (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/34-1

1. თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გატანის მსურველს გატანის მომენტისათვის აქვს ოფიციალური შეთავაზება (ოფერტი) პოტენციური მყიდველი-საგან, სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასად და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყის ფასად მიიჩნევა აღნიშნულ შეთავაზებაში დაფიქსირებული ფასი.

2. თუ გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გამიზნულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოწყობილ აუქციონზე გასაყიდად, ან თუ ძეგლის გატანის მსურველს გატანის მომენტისათვის არ აქვს ოფიციალური შეთავაზება (ოფერტი), სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასად და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყის ფასად მიიჩნევა შესაბამისად გასაყიდად გასატან აუქციონზე ან მსოფლიოს სხვა აუქციონზე: ა) თუ ძეგლის ავტორი ცნობილია, ამავე ავტორის ძეგლის შესაბამისი ჟანრისა და თემატიკის კულტურულ ფასეულობებზე დაფიქსირებული გაყიდვის ბოლო ფასი; ბ) თუ ძეგლის ავტორი უცნობია, ძეგლის შექმნის ისტორიული ეპოქის შესაბამისი ჟანრისა და თემატიკის კულტურულ ფასეულობებზე დაფიქსირებული გაყიდვის ბოლო ფასი.

3. თუ გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასის დადგენა შეუძლებელია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასი ან/და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი დგინდება მოლაპარაკებით; მოლაპარაკების უფლება არ იზღუდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/35.md
