---
title: "მუხლი 4. კულტურულ ფასეულობებად მიჩნეული ნივთები, რომლებზედაც ვრცელდება ეს კანონი — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/4"
law: "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 15490"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კულტურულ ფასეულობებად მიჩნეული ნივთები, რომლებზედაც ვრცელდება ეს კანონი — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/4

1. ეს კანონი ვრცელდება: ა) ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათ კოლექციებსა და ნიმუშებზე; ბ) ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან; გ) არქეოლოგიურ აღმოჩენაზე; დ) მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტებზე; ე) 100 წელზე მეტი ხნის წარწერაზე, მონეტასა და ბეჭედზე; ვ) ეთნოგრაფიულ მასალაზე; ზ) ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებულ ტილოზე, სურათზე, ნახატზე (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშზე; თ) ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალურ ნაწარმოებზე; ი) ორიგინალურ გრავიურაზე, ესტამპსა და ლითოგრაფიაზე; კ) ნებისმიერი მასალისაგან დამზადებულ ორიგინალურ მხატვრულ შენარჩევსა და მონტაჟზე; ლ) იშვიათ ხელნაწერზე და ინკუნაბულზე, ძველ წიგნზე, გუჯარსა და გამოცემაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს (ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და სხვა) იწვევენ ცალ-ცალკე და კოლექციად; მ) მიმოქცევიდან ამოღებულ საფოსტო მარკაზე, საგადასახადო და ანალოგიურ მარკაზე ცალ-ცალკე ან კოლექციად; ნ) არქივზე, მათ შორის ფონო-, ფოტო- და კინოარქივზე; ო) 100 წელზე მეტი ხნის ავეჯსა და ძველებურ მუსიკალურ საკრავზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობაზე, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/5.md
