---
title: "მუხლი 41. თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/41"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/41

1. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

2. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

4. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

5. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე: ა) უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით; ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/41-1.md
