---
title: "მუხლი 42. მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/42"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/42

1. მეზღვაურმა უნდა გაიაროს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად. იგი ასევე ვალდებულია შეესაბამებოდეს ამ ნაწილით გათვალისწინებულ კომპეტენციის სტანდარტებს.

2. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წვრთნის ან ინსტრუქტაჟის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან ჩატარებული აქვს ინსტრუქტაჟი.

3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც გაიარა შესაბამისი წვრთნა ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კომპეტენციის განახლების საჭიროება.

4. მეზღვაური, რომელსაც დაკისრებული აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების შესრულება, უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-6−მე-8 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსი.

6. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც მიიღო კომპეტენცია ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კვალიფიკაციის განახლების საჭიროება. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/41-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/43.md
