---
title: "მუხლი 45. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/45"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "45"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/45

1. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციის პროცესში − შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოებში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობები, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.

4. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.

5. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მის მიერ ჩატარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარებისათვის შესაბამისმა დაწესებულებამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე პირთა დაშვების მინიმალურ მოთხოვნებს; ბ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის გეგმას და კურსის ხანგრძლივობას; გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის ჩატარების დროს გამოყენებული შენობა-ნაგებობების, ხელსაწყოების და სხვა აღჭურვილობის აღწერას; დ) ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის სათანადო კომპეტენციას; ე) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე დასაშვებ პირთა მაქსიმალურ რაოდენობას; კურსის მსმენელთა და ინსტრუქტორთა/შემფასებელთა თანაფარდობას; საჭირო მოწყობილობების თანაფარდობას მსმენელთა რაოდენობასთან; ვ) საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი პროცესის მონიტორინგთან, შეფასების კომპეტენტურობასთან და მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან მიმართებით მოქმედი ხარისხის სტანდარტის დეტალურ აღწერას; ზ) გამოცდის ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს; თ) შეფასების ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს; ი) კურსდამთავრებულთა კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს; კ) კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

6. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე განახორციელოს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება, რომელიც მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.

7. ამ კანონის შესაბამისად, საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებენ ის პირები, რომლებიც არ არიან ჩართული შესაბამის საქმიანობაში. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6178– ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3447 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/46.md
