---
title: "მუხლი 49. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/49"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/49

1. მეზღვაური, რომელსაც აქვს მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. იმ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც აქვს საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, აისახება მეზღვაურის შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაყალბებისგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემა.

3. სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს შეარჩევს მათ მიერ შერჩევის პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. შერჩევის პირობებს ადგენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისა და STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია და სათანადო პირობები მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

4¹. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების მიუხედავად, მეზღვაური, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული კომპეტენციის სერტიფიკატი საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამსახურისთვის, უფლებამოსილია ამ გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების თანახმად, თუ მას აქვს ამ სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.

5. მეზღვაური ვალდებულია კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემამდე ან განახლებამდე, აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მისი სერტიფიცირება მოითხოვება STCW-ის კოდექსის თანახმად, ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.

6. მეზღვაურ ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში 30 წლის განმავლობაში. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/48-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/50.md
