---
title: "მუხლი 103³. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვა; პირველი და მეორე ტურები, ხელახალი არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/103-3"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "103^3"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 103³. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვა; პირველი და მეორე ტურები, ხელახალი არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 103³ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/103-3

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.

2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირ გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში მიეთითება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი. საარჩევნო ბიულეტენის ტექსტსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკო ბეჭდავს საარჩევნო ბიულეტენებს და მათ საარჩევნო კოლეგიის წევრებს გადასცემს, ბეჭდავს საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიას, ლუქავს და ხსნის საარჩევნო ყუთს, ითვლის ხმებს და ადგენს შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

5. საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში საკუთარი ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) ის დაუდგენელი ნიმუშისაა;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა;
გ) საარჩევნო კოლეგიის წევრმა ხმა ერთზე მეტ კანდიდატს მისცა;
დ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელი წევრის მიერ არის ხმა მიცემული.

7. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.

8. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის გამართვიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს.

9. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს აქვს, მეორე ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.

10. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

11. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

12. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

13. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღს შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

14. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში.

15. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

16. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების ერთდროულად ან წინა თვეში გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების გამართვისას არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადების ნაცვლად ხორციელდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/103-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/104.md
