---
title: "მუხლი 178. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/178"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "178"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 178. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 178 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/178

1. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ;
ბ) რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის ან რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ ქვეყნდება მის მიერ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საქართველოს პარლამენტის/საქართველოს მთავრობის მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ცესკოს დასკვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ინიშნება.

3. რეფერენდუმის გამართვის შესახებ ბრძანებულებაში მოცემული უნდა იყოს მისი მოწყობის თარიღი და სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის ზუსტი ფორმულირება. ეს ბრძანებულება მოსახლეობას ეცნობება ოფიციალური პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ბრძანებულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

4. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას რეფერენდუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დაფინანსებისა და რეფერენდუმის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1019 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/177.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/179.md
