---
title: "მუხლი 194. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით განთავსებისას პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დროებითი წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/194"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "194"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 194. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით განთავსებისას პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დროებითი წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 194 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/194

1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 185-ე მუხლის მე-19 პუნქტით ან 186-ე მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

2. ამ კანონის 185-ე მუხლის მე-20 ან 21-ე პუნქტით ან 186-ე მუხლის მე-19 ან მე-20 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს  რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან 1 1 პუნქტით დადგენილი  მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ 185-ე ან 186-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ კანონის 185-ე მუხლის მე-18 პუნქტით ან 186-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით.

4. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

5. (ამოღებულია - 03.09.2020, №7097) .

6. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ოქმის შედგენა იწვევს საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომას.

7. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით (საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმების შემთხვევაში) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების საფუძველზე.

8. (ამოღებულია - 03.09.2020, №7097) .

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე, სხდომაზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლობა არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადგენს სამართალდარღვევის შესახებ ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 2 2 ნაწილის შესაბამისად. სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/193.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/195.md
