---
title: "მუხლი 27. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/27"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "27"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 27 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/27

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;
ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;
ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისათვის;
თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;
კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;
გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/28.md
