---
title: "მუხლი 59. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/59"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "59"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/59

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

4. კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

6. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, ან ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

7. გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის ან დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №5593 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/60.md
