---
title: "მუხლი 62. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/62"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "62"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/62

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).

2. ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც.

3. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.

4. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.

5. ჩანაწერთა წიგნი არის ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და მას დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები.

6. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი უთითებს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობებს.

7. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.

8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი.

9. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით.

10. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

11. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან/ოქმებთან და ამ კანონის 67-ე მუხლის 5 1 პუნქტში აღნიშნულ დალუქულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/63.md
