---
title: "მუხლი 72. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/72"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "72"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 72 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/72

1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი;
დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

4. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/73.md
