---
title: "მუხლი 83. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/83"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "83"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/83

1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 51-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების  დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

2. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან 1 1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით.

4. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/84.md
