---
title: "მუხლი 21. მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/21"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "21"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/21

1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; დ) რა გზით შეგროვდა მონაცემები; ე) ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

2. მონაცემთა სუბიექტისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად, საჯაროა.

3. მონაცემთა სუბიექტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ფორმას ირჩევს მონაცემთა სუბიექტი.

5. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/22.md
