---
title: "მუხლი 40². პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-2"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "40^2"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40². პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 40² (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-2

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ბ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს, აგრეთვე ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს; დ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების მათთვის დელეგირებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს; ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ წოდებაში; ზ) წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; თ) უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2199 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-3.md
