---
title: "მუხლი 40⁵. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ხელშეუხებლობა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-5"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "40^5"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40⁵. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ხელშეუხებლობა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 40⁵ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-5

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირად უსაფრთხოებას დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-6.md
