---
title: "მუხლი 14. გამომცემლის განსაკუთრებული უფლებები — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/14"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "14"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. გამომცემლის განსაკუთრებული უფლებები — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/14

1. ენციკლოპედიების, ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლებს ეკუთვნით ამ გამოცემებში შესულ ნაწარმოებთა გამოყენების განსაკუთრებული უფლება. გამომცემელს უფლება აქვს, ასეთ ნაწარმოებთა ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება. დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გაზეთის, ჟურნალის ან პერიოდული გამოცემის გამომცემლის ან ასეთი ნაწარმოების ავტორის თანხმობის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ გამოცემებში შესულ ნაწარმოებთა ავტორები ინარჩუნებენ თავიანთი ნაწარმოებების გამოყენების განსაკუთრებულ უფლებას, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 1999  წლის 9 სექტემბრის კანონი №2388 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ. 223

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/15.md
