---
title: "მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/3"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "3"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/3

ეს კანონი ვრცელდება: ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე. ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა ასევე ჩაითვლება საქართველოში პირველად გამოქვეყნებულად, თუ უცხო ქვეყანაში პირველი გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში ისინი გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე; გ) შესრულებაზე, რომელიც პირველად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე; შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილია ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად; შესრულებაზე, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, მაგრამ ჩართულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებზე, აგრეთვე სხვა მაუწყებლის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია ან გაიარა ავტორიზაცია და რომელიც გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა, ანალოგიური საშუალების გამოყენებით; ე) არქიტექტურულ ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებში, მიუხედავად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა; ვ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც დაცულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის საქართველო. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3694 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/4.md
