---
title: "მუხლი 51. მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/51"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "51"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/51

1. ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

2. დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში: ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით; ბ) შე ს რულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.

3. დაშვებულია ფიზიკურ პირთა მიერ შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება, აგრეთვე პირადი სარგებლობისათვის ფონოგრამის ან ვიდეოგრამის რეპროდუცირება შემსრულებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობის გარეშე. ასეთი რეპროდუცირება ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ხორციელდება ჰონორარის გადახდის პირობით.

4. მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/52.md
